საბიბლიოთეკო ლაშქრობის ფარგლებში ახალგაზრდები ცაიშს ესტუმრნენ. ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების, პრაქტიკული გამოცდილების, წიგნიერებისა და ბუნებასთან ურთიერთობის ერთ სივრცეში გაერთიანება.

ცაიშში გატარებული დღე მრავალფეროვანი შემეცნებითი და პრაქტიკული აქტივობებით იყო დატვირთული. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ადგილობრივ ტრადიციებს, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებას, მეფუტკრეობას, არქეოლოგიურ მემკვიდრეობასა და, ამავდროულად, ბუნებრივ გარემოში გაეტარებინათ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე დღე.

დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მაწვნის მომზადების მასტერკლასი. ადგილობრივმა მკვიდრმა, დარიკო ნარმანიამ, ახალგაზრდებს მაწვნის მომზადების ტრადიციული მეთოდი გააცნო და თავადაც ჩართო პრაქტიკულ პროცესში.

კიტრის ჩითილების დარგვის მასტერკლასის ფარგლებში ფერმერმა თეა ძოწენიძემ მონაწილეებს საკუთარი სათბურები დაათვალიერებინა და კიტრის სხვადასხვა ჯიშის ჩითილების გამოყვანისა და მოვლის გამოცდილება გაუზიარა.

ახალგაზრდები ასევე შეხვდნენ მეფუტკრე ნანა ჩილაჩავას. ქალბატონი ნანა მათ მეფუტკრეობის საინტერესო სამყაროს, ფუტკრის მოვლისა და თაფლის მიღების პროცესის შესახებ ესაუბრა.

საბიბლიოთეკო ლაშქრობის მონაწილეებმა ფეხით გაიარეს ცაიშის ულამაზესი ბუნებრივი გარემო და საინტერესო, თავგადასავლებით სავსე გზით უძველეს მღვიმე-გამოქვაბულამდე მივიდნენ. მათ დაათვალიერეს მღვიმე, რომელიც ძველი სამოსახლოს კვალს ინახავს, გაეცნენ მის ისტორიულ მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ აღმოაჩინეს, თუ რამდენად საინტერესო ისტორიული მემკვიდრეობა შეიძლება იყოს დაცული სოფლის ბუნებრივ ლანდშაფტში.

ლაშქრობის მეორე ნაწილი ცაიშის სასოფლო ბიბლიოთეკაში გაგრძელდა. მონაწილეებისთვის გაიმართა რამდენიმე საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა.

საჯარო ლექციაზე მარწყვის მოყვანის შესახებ ფერმერმა ნანა ფიფიამ ახალგაზრდებს საკუთარი საქმიანობისა და წარმატების გზა გაუზიარა და მარწყვის მოყვანის, მოვლისა და წარმოების პრაქტიკულ გამოცდილებაზე ესაუბრა.

განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს მონაწილეებმა პროფესორ რეზო პაპუაშვილის საჯარო ლექცია ცაიშის არქეოლოგიის შესახებ. შეხვედრისას ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ცაიშის არქეოლოგიური აღმოჩენებისა და რეგიონის ისტორიული წარსულის შესახებ.

დღის პროგრამას კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა ლიტერატურულმა ლოტომ - წიგნებთან დაკავშირებულმა სახალისო და შემეცნებითმა თამაშმა მონაწილეებს ცოდნის, მეხსიერებისა და ინტუიციის გამოცდის შესაძლებლობა მისცა.

განსაკუთრებული გარემო შეიქმნა აქტივობისთვის - საუბრები წიგნებზე ბუნებაში. ახალგაზრდებმა ერთმანეთს საყვარელი წიგნები, პერსონაჟები და საინტერესო ისტორიები გაუზიარეს და წაკითხული ნაწარმოებებით მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს.

ცაიშში კითხვას საკუთარი სივრცეც ჰქონდა - ჰამაკში საკითხავი წიგნები მონაწილეებს საშუალებას აძლევდა, მშვიდ გარემოში, ბუნებასთან ახლოს, დრო საყვარელ წიგნთან გაეტარებინათ.

საბიბლიოთეკო ლაშქრობის ერთ-ერთ გამორჩეულ აქტივობად იქცა წიგნების ზიპლაინი, რომლის საშუალებითაც წიგნი ამჯერად მხოლოდ კითხვის საგანი კი არა, თავგადასავლის ნაწილიც გახდა.

დღის დასასრულს მონაწილეებმა ერთად მოხარშეს და დააგემოვნეს სიმინდი. სიმინდის ფართმა ლაშქრობის ერთ-ერთ ყველაზე თბილ და სახალისო ეპიზოდად ჩაიარა და ახალგაზრდებს მეგობრულ გარემოში ურთიერთობისა და დღის შთაბეჭდილებების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.

საბიბლიოთეკო სივრცეს შეემატა კიდევ ერთი ახალი და საინტერესო ადგილი - მკითხველი საქანელა. პატარა, მყუდრო სივრცე მკითხველისთვისაა შექმნილი, სადაც შესაძლებელია დასვენება, მეგობრებთან საუბარი, ბუნებაზე დაკვირვება ან უბრალოდ წიგნის გადაშლა და კითხვა.

ცაიშში გამართული საბიბლიოთეკო ლაშქრობა იყო დღე, რომელშიც ერთმანეთს ბუნებრივად დაუკავშირდა წიგნი და ბუნება, ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, სოფლის ტრადიციები და თანამედროვე ახალგაზრდული ცხოვრება, ისტორია და თავგადასავალი.

საბიბლიოთეკო ლაშქრობის ცაიშური თავგადასავალი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ბიბლიოთეკა მხოლოდ წიგნისა და კითხვის სივრცე არ არის. ის არის ადგილი, სადაც ცოდნა, კულტურა, გამოცდილება, შემოქმედება და ადამიანური ურთიერთობები ერთიანდება.