ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა მართა ჯინჯოლავას ლიტერატურული ჩანაწერების - „მეტამორფოზა ანუ როგორ ვიქეცით ლექსად“ - პრეზენტაცია.
მართამ წერა 13 წლის ასაკში დაიწყო. დღეისთვის ის უკვე 100-ზე მეტი ლექსისა და ჩანაწერის ავტორი გახლავთ. ახალგაზრდა ავტორი წერს როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან პროზაულ ჩანახატებს.
მართა ჯინჯოლავას რიგით მესამე პოეზიის საღამო ეხებოდა მეტამორფოზის ანუ იმ შემოქმედებითი ტრანსფორმაციის თემას, რომელსაც ავტორი ლიტერატურული მოგზაურობის დასაწყისიდან ცხოვრების ცალკეულ ეტაპებამდე გადის. მართას მიერ გავლილი შემოქმედებითი გზა სათავეს იღებს სიყვარულით, გრძელდება გარდაცვალებით და გვირგვინდება იმ პოეტური გამარჯვებით, რომელსაც სიცოცხლით ტკბობა ჰქვია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა ავტორის ლიტერატურული დებიუტი ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგა.
IV საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლის პირველი ლიტერატურული გამოცემა შეიქმნა პროექტ საზაფხულო ლიტერატურული ბანაკის ფარგლებში.