წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურა.
ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ბიბლიოთეკის მკითხველებმა ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ ენებზე წაიკითხეს ამონარიდები საყვარელი წიგნებიდან.
აკაკი წერეთლის სახელობის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მკითხველის კლუბის -„წიგნიერის“ წევრებმა პედაგოგ ელისო მიქაიასთან ერთად ისაუბრეს საყვარელ წიგნებზე და ერთმანეთს გაუზიარეს წიგნის კითხვით მიღებული შთაბეჭდილებები.
წიგნის კითხვის საჯარო დღეს ბიბლიოთეკას ასევე ესტუმრნენ ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზიის IV კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელ სოფო თაკალანძესთან ერთად. ბავშვებმა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის „ზამთრის ზღაპარი“, შემდეგ კი ტექსტებითა და ნახატებით შექმნეს ილუსტრირებული წიგნი.
მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის, ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის, ზუგდიდის N10 საჯარო სკოლის, აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის, რუხის საჯარო სკოლის, ქართულ-ფრანგული სკოლის მოსწავლეებმა ორიგინალში წაიკითხეს ედგარ ალან პოს, გოეთეს, ჯორჯ გორდონ ბაირონის, უოლტ უიტმენის, უილიამ შექსპირის, ფრიდრიხ შილერის, ენ ბო დრელისა და ონორე ბალზაკის რჩეული ნაწარმოებები.
ბიბლიოთეკამ ვიზიტორებს წიგნის რესტავრაციის მასტერკლასი შესთავაზა. ყველა მსურველს მიეცა შესაძლებლობა ენახათ და შემდეგ თავად შეესრულებინათ სხვადასხვა სარესტავრაციო სამუშაო, კერძოდ, დაკეცილი გვერდების გასწორება, წიგნის ბლოკში ამოვარდნილი ფურცლების დაწებება, წიგნის ყდის განახლება.
ასე აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და 30 საქალაქო და სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალში - წიგნების ხმამაღალი კითხვით, ახალი ლიტერატურის გაცნობით, საუბრებით წიგნიერებაზე და წიგნიერი ემოციების გაზიარებით.