საქართველოში ბიბლიოთეკებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ. პირველი სახალხო ბიბლიოთეკები ეკლესია-მონასტრებთან იქმნებოდა, რომლითაც შეეძლო ესარგებლა ნებისმიერ ადამიანს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დაიწყო აქტიური მოღვაწეობა სახალხო ბიბლიოთეკების შესაქმნელად. მწიგნობრობის ტრადიციებს ღრმა ფესვები ჰქონდა გადგმული სამეგრელოს შორეულ წარსულში.
როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ჩანს, ზუგდიდის ისტორიაში რამდენიმეჯერ მოხდა ბიბლიოთეკის დაარსება, მისი არსებობის შეწყვეტა სხვადასხვა მიზეზებით და შემდგომ ისევ ბრძოლა გახსნისათვის.
,,ზუგდიდში იყო ქართული წარმოდგენა თერთმეტ აპრილს სასარგებლოდ ზუგდიდის სასწავლებლის ბიბლიოთეკისა...”
წარმოსდგა ,,ძალად ექიმი”-ქართულად გადმოკეთებული მოლიერის პიესა” ეს ნაწყვეტი არის 1868 წელს გაზეთ ,,დროებაში” დაბეჭდილი წერილიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ზუგდიდში თეატრისა და ბიბლიოთეკის ისტორია ერთმანეთთან კავშირშია.
,,ზუგდიდში პირველი ბიბლიოთეკა-სამკითხველო XIX საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებში დაარსდა 1884-1886 წლებში ზუგდიდში მომუშავე შესანიშნავი მასწავლებლის იერემია გულისაშვილის თაოსნობით, მან ჩამოაყალიბა სცენისმოყვარეთა წრე და დადგეს გიორგი ერისთავის პიესა ,,ძუნწი.” ამ წარმოდგენიდან მიღებული შემოსავლით ჩაეყარა საფუძველი ზუგდიდის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს... საფიქრებელია,რომ იერემია გულისაშვილის სამუშაოდ სხვა ქალაქში გადაყვანას (რაც 1886 წელს მოხდა) ამ ბიბლიოთეკის დახურვაც უნდა მოჰყოლოდა.” წერს ისტორიკოსი აბესალომ ტუღუში (აბესალომ ტუღუში - ,,ნარკვევები ზუგდიდის ისტორიიდან” გვ. 76. 2012წ.).
1888 წელს ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ სპირიდონ ნორაკიძემ გახსნა ზუგდიდში ბიბლიოთეკა, რომლის შესახებ ინფორმაცია დაიწერა გაზეთ ,,ივერიაში” 1888 წლის №7-ში. შემდგომში ამ ბიბლიოთეკამაც შეწყვიტა არსებობა, რასაც მოწმობს ის, რომ 1894 წელს გრიგოლ კორცხელელი წერდა: ,,საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში, არამცთუ ქალაქსა და დაბას, სოფელშიც კი დაარსებულა სამკითხველოები, ურომლისობაც დიდად აწუხებს მცხოვრებლებს და სასწავლებლის მოსწავლეებს და ჩვენ კი ვერ ვეღირსენით.” (გაზ. ,,ივერია,” 1894 წ. №215).
1890–იან წლებში ჟურნალ-გაზეთების წაკითხვა შეიძლებოდა მხოლოდ ტ. თოხაძის სტამბაში. მას გამოწერილი ჰქონდა თითქმის ყველა ქართული ჟურნალ-გაზეთი და სტამბის ერთ კუთხეში მიდგმული მაგიდა სამკითხველოს მოვალეობას ასრულებდა, მას შემდეგ რაც თოხაძემ მწირი შემოსავლების გამო შეწყვიტა ჟურნალ-გაზეთების შეძენა, ზუგდიდის ინტელიგენცია ყოველმხრივ ცდილობდა როგორმე გაეხსნა სამკითხველო. განსაკუთრებით აღსანიშნავია სასულიერო სემინარიის სტუდენტის ნიკოლოზ (კოლია) საბას ძე ბუკიას ღვაწლი, საზაფხულო არდადაგების დროს შეარჩია რ. ერისთავის პიესა ,,გაყრა”, მსახიობებად მოიწვია ჯგუფი: ვასო გეთია, პეტრე კეიდია, ფ კაკაბაძე, ქალებიდან: სონია ბასილაია, ჭატია დარჯანია და სხვა. 1899 წლის 25 მარტს სპეციალურად დაქირავებულ კ. ლუკავას სადურგლო სახელოსნოს დარბაზში განახორციელა თეატრალური დადგმა. წარმოდგენილ იქნა რ. ერისთავის ,,გაყრა,” რომლის როლის შემსრულებელი, დეკორატორი, გრიმიორი და რეჟისორი თვითონ იყო. ეს იყო პირველი წარმოდგენა ზუგდიდში (მას შემდეგ, რაც 30 წლით ადრე ანტონ ფურცელაძემ დადგა 1868 წელს პიესა ,,ქალთა ექიმი,”). სპექტაკლის დადგმა ნიკოლოზ ბუკიას მოგონებით ემსახურებოდა ორ მიზანს, ერთი მხრივ, თეატრალური განათლების შეტანას მოსახლეობაში, მეორე მხრივ, ეკონომიკურ მიზანს - საჭირო თანხების შეგროვებას სახალხო სამკითხველოს ასაშენებლად.
ნიკოლოზ ბუკია იგონებს - ,,პირველი წარმოდგენიდან სპექტაკლის ხარჯების გასტუმრების შემდეგ დაგვრჩა 125 მანეთი, ამ ფულით შევიძინეთ მოზრდილი მაგიდა, ორი გრძელი სკამი, რამდენიმე ტაბურეტი, გრაფინი, ჭიქა, ხოლო დარჩენილი ფულით გამოვიწერეთ 2 ცალი ,,ივერია”, 2 ცალი ,,კვალი,” 2 ცალი ცნობის ფურცელი” და რუსული ჟურნალები- ,,კავკაზი” და ,,ნივა.”- (,,დიდი აკაკის სიყვარულით” (ნიკოლოზ ბუკიას მოგონებიდან) გაზ. ,,მებრძოლი,” 1960წ., 7 აგვისტო, გვ.4).
ასე დაიწყო 1899 წლიდან ფუნქციონირება სახალხო სამკითხველომ. როგორც ნიკოლოზ ბუკიას მოგონებიდან ჩანს თავიდან
სამკითხველოში მხოლოდ სცენისმოყვარენი დადიოდნენ, შემდეგში სხვებიც დაეჩვივნენ და გაიზარდა მკითხველთა რიცხვი, აუცილებელი გახდა ცალკე ოთახის დაქირავება. ახალგაზრდების ჯგუფმა დახმარებისათვის მიმართა შეძლებულ ვაჭარს ტ. აბესაძეს, რომელიც ბევრს ზრუნავდა ზუგდიდის გამშვენიერებასა და კეთილმოწყობაზე. მან მოიწვია ვაჭრებისა და დაწესებულებათა მოსამსახურეების კრება, სადაც დააყენა სამკითხველოს გახნის საკითხი, მისი წინადადება ყველამ მოიწონა და მის წევრად ჩაეწერა. აქვე არჩეულ იქნა გამგეობა 5 კაცის შემადგენლობით, დაწესებულ იქნა საწევრო გადასახადი 20 კაპიკის ოდენობით. შემდეგ გაიმართა კამათი იმაზე, თუ ვისი სახელი დარქმეოდა სამკითხველოს. გადაწყდა ბიბლიოთეკას დარქმეოდა ,,აკაკი წერეთლის სახელობის ზუგდიდის ბიბლიოთეკა.
პეტრე პავლეს ძე მეუნარგია თავის ხელნაწერში (გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის ფონდი №25860) აღწერს, რომ ნიკოლოზ ბუკიამ აიყოლია ვაჭრები და შეუდგნენ ხის პატარა ნაგებობის აგებას, ააგეს კიდევაც და თანხაც შეაგროვეს ლიტერატურის შესაძენად, მაგრამ მეფის რუსეთის მთავრობა წინააღმდეგი იყო აკაკის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის გახსნის. მოხერხებულმა ნიკოლოზ ბუკიამ სახელწოდება შეცვალა ,,გაბრიელ ეპისკოპოსით" და სიტყვა ,,საჯარო” ამოიღო. დაფუძნებულ იქნა ,,გაბრიელ ეპისკოპოსის” სახელობის სამკითხველო. ამ სახით ბიბლიოთეკა –სამკითხველომ 14 წელი იარსება, გარდა სასულიეროსი, საერო ლიტერატურასაც აპარებდნენ, როგორც შემოწირულობით შემოსულს.
1908 წელს სამკითხველოსთან დაარსებულმა საქველმოქმედო საზოგადოებამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა აკაკის საღამო ორ განყოფილებად. ,,პირველ განყოფილებაში იყო მოხსენება აკაკის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ხოლო მეორეში დაიდგა ,,პატარა კახი“. საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ საღამოდან შემოსული თანხით, რომელიც 900 მანეთს შეადგენდა, დაწყებულიყო ბიბლიოთეკისათვის საკუთარი შენობის აგება. საქველმოქმედო საზოგადოებას დაეკისრა ამ მიზნით ნებაყოფლობითი შემოწირულობის შეგროვება,~ - იგონებს ნიკოლოზ ბუკია. (,,დიდი აკაკის სიყვარულით” (ნიკოლოზ ბუკიას მოგონებიდან) გაზ. ,,მებრძოლი,” 1960წ., 7 აგვისტო, გვ.4)
მიზანი განხორციელდა და ქ. ზუგდიდში, სასტუმრო ,,ოდიშის” წინ შუა სკვერში, სადაც საბჭოთა პერიოდში იდგა ლენინის ძეგლი, ზუგდიდის ინტელიგენციის ინიციატივით აგებულ იქნა ქვითკირის პატარა შენობა. E 1912 წლის 19 მაისს დაინიშნა ,,წიგნსაცავი-სამკითხველოს” გახსნა.
საქართველოში სახალხო ბიბლიოთეკების განვითარების საკითხი ერთიანი ქართული მოვლენა იყო და მისთვის აქტიურად იბრძოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ყოველი სახალხო ბიბლიოთეკის გახსნა ზეიმი იყო ქართული საზოგადოებისთვის და ამ ზეიმში მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი ქვეყნის გამოჩენილი, ხალხისათვის საყვარელი ადამიანები. ბიბლიოთეკის გახსნაზე მოწვეულ იქნა აკაკი წერეთელი, ბიბლიოთეკის გახსნა დაუკავშირეს აკაკის შემოქმედების 50 წლის იუბილეს აღნიშვნას.
არსებობს რამდენიმე ხელნაწერი, საგაზეთო სტატია და წიგნი სადაც აღწერილია ზუგდიდში ბიბლიოთეკის საზეიმო გახსნაზე აკაკის მონაწილეობის შესახებ:,,19 მაისს, დილის 10 საათზე ეტლით მომავალ მგოსანს სოფელ ცაიშში უამრავი ხალხი შეეგება. ეს შეხვედრა ნამდვილ სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. ყველა მახლობელი სოფლიდან ხალხი კოლექტიურად მოდიოდა .„ეტლს, რომელშიც იგი იჯდა, გვირგვინით ამკობდნენ,“ –იგონებს დამსწრე. (ს. ცაიშვილი ,,ლიტერატურული ნარკვევები” 1965წ. გვ.116).
,,18 მაისს იონა მეუნარგიას თანხლებით ყვავილებით მორთულ ზაქარია სახურიას ეტლით ჩამობრძანდა მხცოვანი მგოსანი-ქართველი ერის მნათობი. მეორე დღეს 19 მაისს კვირას, აკაკის თანდასწრებით დეკანოსი ევგენი შენგელაიამ და მღვდელი მიხეილ ჯიქიამ აკურთხეს ბიბლიოთეკა-სამკითხველოს შენობა, ლენტი გაიჭრა და გამოჩნდა ქუთაისში ზაზიაშვილის მიერ დახატული აბრა, რომელზეც ზეთის კრასქით დახატული იყო აკაკის ჭაღარა ბიუსთი წაწერით საჯარო ბიბლიოთეკა - სამკითხველო ,,აკაკი წერეთლის სახელობისა” (პეტრე მეუნარგიას წერილი - გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, პეტრე მეუნარგიას ფონდი №25860).
ცნობილია, რომ ქალაქის შესასვლელთან აკაკის დახვდა ნ. ბერიძის პატარა გოგონა, რომლის სახელი წლების განმავლობაში უცნობი იყო, მან მგოსანს ცოცხალი ყვავილებისაგან გაკეთებული ლირა მიართვა და სიტყვა უთხრა (1911 წლის 16 მაისს ,,პრაიმტაიმში” დაიბეჭდა თორნიკე ყაჯრიშვილის წერილი ,,აკაკი წერეთლის ცნობილი ფოტოს უცნობი ისტორია,” რომელშიც საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია გვამცნობს, რომ რესპუბლიკის სახალხო არტისტისა და რეჟისორის ალექსი-მესხიშვილის პირადი არქივის დამუშავებისას მიაკვლიეს მასალებს, რომელიც ეხება აკაკის ზუგდიდში გადაღებულ ფოტოს და ირკვევა, რომ ბერიძის პატარა გოგონას ერქვა კორნელია, ისტორიული წყაროები მოწმობს, რომ ზუგდიდში მოღვაწეობდა ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე ნიკო ბერიძე, რომელსაც ჰყავდა პატარა ქალიშვილი კორნელია ბერიძე).11 საათზე აკაკი მიიწვია მისმა ნათესავმა ნიკოლოზ დადიან - მინგრელსკიმ. შემდეგ ნიკოლოზ დადიანისა და საიუბილეო კომისიის წევრების თანხლებით აკაკი მივიდა სამკითხველოში, სადაც უამრავ ხალხს მოეყარა თავი. სამკითხველოს აღმოსავლეთ კედელზე ეკიდა დაფნის გვირგვინით შემკობილი პოეტის დიდი ფერწერული პორტრეტი, რომლის ქვეშ მიწერილი იყო აკაკის ლექსი. პოეტი სამკითხველოს შუაგულ დარბაზში იდგა, დარბაზი გახსნილად გამოცხადდა, პოეტი ტაშისცემითა და ვაშას ძახილით ხელში აიყვანეს და მაღლა ატაცებული დაბის საკრებულო დარბაზის სცენისაკენ გააქანეს. სიტყვები წარმოთქვეს ზუგდიდის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა, ვეფხისტყაოსნის ცნობილმა მკვლევარმა, ილიასა და სერგეი მესხის მეგობარმა დავით ჩქოტუამ, ექიმმა მუჯირმა, მასწავლებელმა ნ. ბუკიამ და სხვებმა. წაკითხულ იქნა აკაკის ლექსები, სტუმრის პატივსაცემად გაიმართა სადილი, რომელსაც დაესწრო მაზრის მოწინავე საზოგადოება. სადილის დროს თბილისიდან მიღებულ იქნა წ. კ. გ. საზოგადოებისაგან შემდეგი შინაარსის დეპეშა: ,,ქართველთა შორის წ.კ.გ. საზოგადოება გულმხურვალედ ეგებება და გილოცავთ სახალხო ბიბლიოთეკის გახსნის სასიხარულო მოვლენას, დაე იყოს იგი ცოდნის გამავრცელებელი და დაქსაქსულ ძალთა შემაკავშირებელი დუღაბი” (,,სახალხო გაზეთი”, 1912. №596). ღონისძიების დასასრულს პოეტმა მოკლე სიტყვა წარმოთქვა.
მეორე დღეს აკაკი მიიწვია ნიკო დადიანმა და მისმა მამიდამ სალომე მიურატისამ. საუზმის დროს ნიკო დადიანმა სტუმარს პაპის-დავით დადიანისეული ვერცხლის ძვირფასი თასი აჩუქა. საღამოს 5 საათზე აკაკი ზუგდიდიდან გაემგზავრა. ამ ფაქტის შესახებ აღწერილია გაზეთ ,,თემის“ 1912 წლის 71-ე ნომერში და სოლომონ ცაიშვილის წიგნში ,,ლიტერატურული ნარკვევები“, 116-119 გვ.
ბიბლიოთეკის გახსნა დიდი საქმის დასაწყისი იყო. ამ დღიდან ზუგდიდის საზოგადოება მოწიწებით უვლიდა ბიბლიოთეკას. შემდგომში ეს შენობა აღებულ იქნა და ბიბლიოთეკა სხვაგან გადაიტანეს.
საბჭოთა პერიოდში მასობრივად დაიწყო კულტურული დაწესებულებების მშენებლობა, ბიბლიოთეკები მასობრივად გავრცელდა სოფლებშიც. შემდგომში საქალაქო ბიბლიოთეკა სარაიონო ბიბლიოთეკად გადაკეთდა, გაიზარდა წიგნადი ფონდი.
ქ.ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონში 1990 წლისათვის ქალაქის ტერიტორიაზე 18, ხოლო რაიონში 80–მდე ბიბლიოთეკა იყო.ზუგდიდისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭება - გაუქმებასთან დაკავშირებით რამდენიმეჯერ მოხდა ქალაქისა და რაიონის ბიბლიოთეკების ქსელის გაყოფა და გაერთიანება:
1. 1990 წელს მოხდა ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის გაერთიანება, რომლის შედეგად საკმაოდ კარგი ტრადიციების მქონე ცენტრალური სარაიონო და ცენტრალური საქალაქო ბიბლიოთეკები გაერთიანდა, რამაც გამოიწვია რეორგანიზაცია, ბიბლიოთეკების გამსხვილების, გაერთიანების პროცესი და მათი რიცხვი 40-მდე შემცირდა. 2006 წლის ნოემბრიდან კვლავ დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი და გაუქმდა ყველა სასოფლო და საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალი, დარჩა მხოლოდ ერთი ცენტრალური ბიბლიოთეკა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა, რომელიც როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი დაფუძნდა 2007წლის 19 სექტემბერს. 2008-2013 წლებში აღდგენილ იქნა 16 სასოფლო და ერთი საქალაქო ბიბლიოთეკა.
2. 2014 წელს ზუგდიდს მიენიჭა ქალაქის სტატუსი და გაიყო საბიბლიოთეკო გაერთიანება. ცენტრალური ბიბლიოთეკა გადავიდა ქალაქის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში და შეიქმნა ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა, რომელის დაქვემდებარებაში გადავიდა სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალები;
3. 2017 წელს ზუგდიდის გაუუქმდა ქალაქის სტატუსი და შესაბამისად 2018 წლის იანვრიდან გაერთიანდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკები.
ცენტრალური სარაიონო და ცენტრალური საქალაქო ბიბლიოთეკების ერთობლიობას წარმოადგენს დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი.
ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი აერთიანებს ცენტრალურ ბიბლიოთეკას, 3 საქალაქო და 27 სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალს.
ბიბლიოთეკაში სხვადასხვა მიმართულების რამდენიმე პროექტი განხორციელდა. ესენია:
1. 2007 წელს ამერიკის საელჩოსთან პარტნიორული თანამშრომლობით შეიქმნა ამერიკული კუთხე.
2. 2009 წლიდან ელექტრონული კატალოგის პროგრამა. დღემდე მიმდინარეობს ელექტრონული კატალოგის ბაზის სრულყოფის პროცესი, ელექტრონული კატალოგის ბაზა დღეისათვის 45950 ათასამდე წიგნს მოიცავს, კატალოგი განთავსებულია ინტერნეტში მისამართზე - www.zugdidilib.ge. მკითხველს სახლიდან შეუძლია მოიძიოს არის თუ არა წიგნი ბიბლიოთეკაში.
3. უსინათლო მკითხველებისათვის ბიბლიოთეკას გააჩნია ხმოვანი და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები.
4. 2021 წელს განახლდა ბიბლიოთეკის ვებგვერდი.
ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ უმძიმესი პერიოდი გაიარა 90-იან წლებში, საკუთარ თავზე გამოსცადა სამოქალაქო დაპირისპირების სიძნელეები, მუშაობა უწევდა აფხაზეთის კონფლიქტური ზონის საზღვრისპირა ქალაქში. მისმა კოლექტივმა უმძიმეს პირობებში შეინარჩუნა წიგნადი ფონდი, ეს ბიბლიოთეკა წლების მანძილზე გადამწყვეტ როლს ასრულებდა ზუგდიდის კულტურული და საგანმანათლებლო განვითარების პროცესში. დაკომპლექტებულია დარგის მოყვარული, განათლებული პროფესიონალებით, რომელთა მეშვეობით ბიბლიოთეკა გახდა მნიშვნელოვანი საინფორმაციო ცენტრი, ადგილი, სადაც ყველა ადამიანი იპოვის მისთვის საჭირო ინფორმაციას.
ამჟამად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა წარმოდგენილია მდიდარი წიგნადი ფონდით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ინტერნეტში ჩართული ციფრული კაბინეტით, კეთილმოწყობილი დარბაზებით, აბონემენტით, მხარეთმცოდნეობითი კუთხით, საბავშვო განყოფილებით, ამერიკული კუთხით და სხვა. სისტემატურად ხდება წიგნადი ფონდის შევსება ახალი ლიტერატურით, აუდიო მასალებით, ტექნიკით. ცენტრალური ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნის საცავი და გაცემის პუნქტია, არამედ ესაა ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ელექტრონული ბაზის წვდომის ადგილი, ასევე ინფორმაციის აქტიური ძიების, კომუნიკაციების, იდეათა გაცვლის, შემოქმედების, სწავლებისა და მსჯელობის ხელშეწყობის სივრცე. მას კარგი ტრადიცია აქვს მასობრივი ღონისძიებების ჩატარების. ბიბლიოთეკა აწყობს ბიბლიოთეკის დღეებს, ტრენინგებს, პრეზენტაციებს, შეხვედრებს, როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ პირდაპირ ჩართვებს, ფილმების ჩვენებებს, ახალგაზრდების გასვლით ტურებს სხვადასხვა ადგილებში, ეს გასვლები დაკავშირებულია წიგნის კითხვასთან სხვა გარემოში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ზ. ჩილაჩავა, ლუდმილა ჭითანავა-ბეჭვაია, თინა ოდიშარია, ნორა იოსავა, აბესალომ ტუღუში, ქეთინო ჯოლია, ციალა ფაცაცია, მანანა გვარამია, მადონა მაქაცარია. ამჟამად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი არის ისტორიკოსი ბესიკ არახამია.