ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ფილოლოგიის დოქტორის ნანა ქირიას წიგნის – „პროფეტიზმი და ენიგმა ზვიად გამსახურდიას პარაბოლურ - პოეტურ ნარატივში“ წარდგენა გაიმართა. ავტორი წიგნში გვთავაზობს ზვიად გამსახურდიას, როგორც კულტურული მოღვაწის, მეცნიერის, მთარგმნელისა და მწერლის შემოქმედების საინტერესო და ღრმა ანალიზს. ნანა ქირიამ თავის ნაშრომში მიზნად დაისახა მოეხდინა ანთროპოცენტრისტული, მეტაისტორიული რეალობების ზვიად გამსახურდიასეული რეცეფციის, მისი სახისმეტყველების აღდგენა და წაკითხვადი სისტემის სახით განშლა. ავტორმა ისაუბრა წიგნის მიზანსა და ამოცანებზე, დიდი ქართველი მოღვაწის, მოაზროვნისა და მწერლის ზვიად გამსახურდიას შემოქმედებაზე, კერძოდ, მისი ლექსებისა და იგავების კრიტიკულ ანალიზზე პროფეტული და ენიგმატური თვალსაზრისით.